English / ქართული / русский /
გელა ლობჯანიძე
მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გლობალური პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდსა და პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკის  განვითარების თანამედროვე პრობლემები, მათი რაციონალური გადაწვეტის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგიული მართვის ასპექტები გლობალური პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდსა და პირობებში; წარმოჩენილი და გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური ზრდის 2023-2024-2025 წლების პროგნოზი და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები (მშპ, ინფლაცია, დასაქმება, უმუშევრობა) მსოფლიოს ძირითადი რეგიონებისა და საქართველოს მიხედვით; ასევე შემოთავაზებულია მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები, რომლებიც ქმნიან ახალი გლობალური ეკონომიკური რეალობის კონტურებს.

საკვანძო სიტყვები: მსოფლიო ეკონომიკა, გლობალური პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, გლობალური ტენდენციები, განვითარების პერსპექტივები. 

შესავალი

გლობალურ ეკონომიკაში თითოეული ქვეყანა ცალკე ერთეულია, თავისი სამრეწველო წარმოებით, შრომის და ფინანსური ბაზრით, რესურსებით და გარემოთი. გლობალიზაციამ საშუალება მისცა და გააძლიერა საერთაშორისო ვაჭრობის, ფინანსებისა და შრომის მიგრაციის განვითარება, სადაც ქვეყნებმა უნდა იპოვონ საერთო გადაწყვეტილებები და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. გლობალიზაციის ერთ-ერთი ეფექტი არის ის, რომ ერთ ქვეყანაში მომხდარი მკვეთრი ცვლილებები გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზე.

გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკა გადის კრიტიკულ პერიოდს და დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყნისათვის მრავალი მიმართულება, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარება ბევრად უფრო აქტუალურია,  ვიდრე არასდროს. 2020 წლიდან მსოფლიომ დაინახა ორი მთავარი კრიზისი, რომლებმაც მასიური გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. პირველი, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ წელს დაიწყო კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება, რის გამო მსოფლიოში მთელი რიგი კომპანიები იძულებული გახდნენ შეემცირებინათ აქტივობა და/ან დახურულიყვნენ, რამაც განაპირობა გლობალური ეკონომიკური ვარდნა. შემდეგ, როდესაც ეკონომიკა ნელ-ნელა იწყებდა გამოჯანმრთელებას COVID-19-ის გავლენისგან, 2022 წლის თებერვალში  რუსეთი  შეიჭრა უკრაინაში, რამაც გამოიწვია მიწოდების მუდმივი შეფერხება, ინფლაციის ზრდა, ჰუმანიტარული კატასტროფა, გლობალური და რეგიონების ეკონომიკის მკვეთრი შენელება და მნიშვნელოვანი ნეგატიური გლობალური ზემოქმედება, რამაც გაამწვავა პრობლემები, რომლებიც  შექმნილი იყო გლობალური პანდემიის გამო.

ამდენად, მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული წინააღმდეგობები ემუქრება სუსტი ზრდის პერსპექტივის, მაღალი ინფლაციისა და ჯერ კიდევ გაურკვევლობის ფონზე. თავის მხრივ,  მაღალმა ინფლაციამ გამოიწვია საპროცენტო განაკვეთების ზრდის ყველაზე აგრესიული ციკლი ათწლეულების განმავლობაში, რამაც განაპირობა ფინანსური პირობების გამკაცრება და ვალების მოწყვლადობის გამწვავება. ფაქტორების ერთობლიობა, მათ შორის COVID-19 პანდემიის მემკვიდრეობითი შედეგები, რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებული ომი, კლიმატის ცვლილების მუდმივი გაუარესება და სწრაფად ცვალებადი მაკროეკონომიკური პირობები გავლენას ახდენს გლობალურ მსოფლმხედველობაზე. 

ძირითადი ტექსტი

ათასწლეულის მიჯნაზე სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები მსოფლიო საზოგადოებაში გახდა უფრო ღია, მაგრამ ასევე, უფრო რთული და სარისკო. ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებთან ერთად  გაჩნდა გამოწვევები, რათა დაკმაყოფილდეს ადამიანთა მდგრადი და უსაფრთხო ცხოვრების ძირითადი საჭიროება. რაც უფრო რთული ხდება მსოფლიო წესრიგი, მით უფრო ძლიერდება სურვილი, რათა მართებულად იქნეს გაგებული მიმდინარე ცვლილებების შედეგები, გაკეთდეს მომავალი მოვლენების სცენარები, დადგინდეს მიზნები და მათი მიღწევის რაციონალური მექანიზმები, რომლებიც სასურველი და შესაძლებელია.

2020−2022 წლებში მსოფლიო ეკონომიკას დაატყდა ურთიერთდამამძიმებელი შოკების სერია − COVID-19 პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი და შედეგად გამოწვეული კვებისა და ენერგეტიკული კრიზისები, მზარდი ინფლაცია, ვალების გამკაცრება და ასევე კლიმატის საგანგებო მდგომარეობა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არა მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა, არამედ გლობალური და რეგიონული ეკონომიკების ზრდის მკვეთრი ვარდნა და მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მსოფლიო მასშტაბით. ასევე გაიზარდა მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი დაყოფის რისკი გეოპოლიტიკურ ბლოკებად სხვადასხვა ტექნოლოგიური სტანდარტებით, ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემებით, სარეზერვო ვალუტებით, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკები, განსაკუთრებით სასაქონლო ბაზრებზე, ნავთობის, გაზისა და ხორბლის ფასების მატებასთან ერთად. აქედან გამომდინარე, მრავალი კრიზისის შერწყმამ გამოიწვია გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტემპი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ცხადია, ასეთ პირობებში, საჭიროა უფრო ძლიერი ფისკალური ზომები გლობალური ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების დღის წესრიგის მხარდასაჭერად.

ამასთან, არსებობს გლობალური პერსპექტივის მნიშვნელოვანი უარყოფითი რისკები, მათ  შორის გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, სტაგფლაციის გახანგრძლივებული პერიოდები, რომლებიც მოგვაგონებს XX საუკუნის 70-იან წლებს და ფართო ფინანსურ სტრესს, რაც გამოწვეული იყო სესხის აღების ხარჯების და სასურსათო დაუცველობის ზრდით. ასეთ პირობებში, მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები რუსეთ-უკრაინის ომისა და საკვების გლობალური დეფიციტის შედეგად გამოწვეული მზარდი მძიმე სოციალური სიდუხჭირის შესამსუბუქებლად. ამასთან საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დაბალი ნახშირბადის ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარებით.

აღსანიშნავია, რომ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდა და საკრედიტო პირობების გამკაცრება ნაწილობრივ შეიძლება მოგვარდეს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფით, რადგან სურსათისა და ენერგიის ფასების კონტროლი, სავარაუდოდ, არაეფექტური და ძვირადღირებული იქნება.  თუმცა გლობალური ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია ფინანსური სექტორის არასტაბილურობის, მაღალი ინფლაციის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმდინარე შედეგებისა და სამი წლის COVID-19-ის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 2023 წლის მაისის თვის დასაწყისში COVID-19-ის პანდემიის სტატუსი გააუქმა და გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა  ვირუსი არსად მიდის, არამედ იგი მცირდება და მუტაციას განიცდის და ჯერ კიდევ არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. ჯანმოს მონაცემებით, ბოლო სამი წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით 20 მლნ ადამიანი გახდა ამ დაავადების მსხვერპლი. საუბარია ყველა გარდაცვალების შეფასებაზე, ამა თუ იმ გზით, რომელიც დაკავშირებული იყო ინფექციასთან [1, 2].

ჯერ კიდევ წინააღმდეგობრივ ინფლაციასთან ერთად მზარდი საპროცენტო განაკვეთები და გაზრდილი გაურკვევლობა ქმნის დაბრკოლებებს მდგრადი ზრდისთვის. COVID-19 პანდემიის შედეგები, ომი უკრაინაში, კლიმატური კრიზისი და სწრაფად ცვალებადი მაკროეკონომიკური პირობები აფერხებს ეკონომიკურ პერსპექტივას და ართულებს ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება დაბალი დონის ზრდის ხანგრძლივი პერიოდის რისკი, რადგან გლობალური ზრდის საშუალოვადიანი პერსპექტივები დაფარულია პანდემიის შედეგებით, კლიმატის ცვლილების მუდმივი გავლენით და სტრუქტურული მაკროეკონომიკური გამოწვევებით, როგორიცაა სუსტი ინვესტიციები და მზარდი ვალის მოწყვლადობა. შემოსავლების ნელი ზრდა საფრთხეს უქმნის პროგრესს სიღარიბის (SDG 1) და შიმშილის აღმოფხვრას (SDG 2), ღირსეული სამუშაოსა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას (SDG 8) და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას და ინოვაციების მხარდაჭერას (SDG 9).

მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია ფასების ზრდის ზეწოლის ნელ-ნელა შემცირება, ბევრ ქვეყანაში ინფლაცია საკმაოდ მაღალია და ის დარჩება ცენტრალური ბანკების კომფორტის ზონაზე მაღლა. ადგილობრივი მიწოდების შეფერხების, იმპორტის გაზრდილი ხარჯებისა და ბაზრის არასრულყოფილების ფონზე, სურსათის ინფლაცია კვლავ მაღალია განვითარებად ქვეყნებში, რაც არაპროპორციულად აძლიერებს სასურსათო დაუცველობას.

საგულისხმოა, რომ ბევრ განვითარებულ ეკონომიკაში შრომის ბაზარი აგრძელებს მდგრადობას, უმუშევრობის დაბალი და დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით, გენდერული უთანასწორების შემცირებით, ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის გაზრდილი გამოყენებისა და მოქნილი სამუშაოს პირობების გამო.

აღსანიშნავია, რომ გლობალურმა მონეტარულმა გამკაცრებამ გააძლიერა ფისკალური და ვალის მოწყვლადობა განვითარებად ქვეყნებში. ამასთან, სესხის აღების ხარჯების ზრდამ და ძლიერმა დოლარმა გაზარდა ვალის მომსახურების ტვირთი და დეფოლტის რისკები, ხოლო დაფინანსების ლიმიტებმა შეზღუდა მთავრობების შესაძლებლობები, განახორციელონ ინვესტიციები განათლებაში, ჯანდაცვაში, მდგრად ინფრასტრუქტურაში და ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში, რათა დააჩქარონ პროგრესი მდგრადი განვითარებისკენ [3, 4].

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევის მიხედვით პროგნოზირებულია, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა 2022 წლის  3.5 %-დან სავარაუდოდ 3.0 %-მდე შემცირდება 2023-2024  წლებში. (იხ. ცხრილი 1). ხოლო, ცენტრალური ბანკის პოლიტიკის განაკვეთების ზრდა ინფლაციასთან მიმართებით წინააღმდეგობრივად განაგრძობს ეკონომიკურ აქტივობას და მოსალოდნელია, რომ გლობალური მთლიანი ინფლაცია 2022 წელს 8.7 %-დან 2023 წელს 6.8 %-მდე და 2024 წელს 5.2 %-მდე შემცირდება [3, 5]. ამასთან, მსოფლიო ვაჭრობა სავარაუდოდ გაიზრდება ბევრად უფრო ნელი ტემპით, ვიდრე რეალური მშპ წელს, რადგან გლობალური მოთხოვნა ნაკლებად ინტენსიური გახდა. პროგნოზირებულია, რომ მსოფლიო იმპორტი გაიზრდება 1.3 %-ით 2023 წელს − ძალიან ნელი ტემპით მის გრძელვადიან საშუალო (4.8 %) და ასევე გლობალურ ზრდასთან შედარებით. მომავალში, 2024 და 2025 წლებში, პროგნოზირებულია, რომ მსოფლიო ვაჭრობა  გაიზრდება 3.4 %-ით. იგულისხმება ვაჭრობის ელასტიკურობა ანუ გლობალური რეალური იმპორტის ზრდის თანაფარდობა გლობალურ მშპ-ის ზრდასთან და ემთხვევა ვაჭრობის ელასტიკურობას, რომელიც დაფიქსირდა პანდემიამდე ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ გაცილებით დაბალია, ვიდრე პანდემიის პერიოდში [5], ხოლო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიშის თანახმად, გლობალური დასაქმების ზრდა 2023 წელს იქნება მხოლოდ 1.0 %, რაც 2022 წლის დონის ნახევარზე ნაკლები იქნება. პროგნოზირებულია, რომ გლობალური უმუშევრობა 2022 წელთან შედარებით ოდნავ გაიზრდება 2023 და 2024 წლებში და მიაღწევს 211 მლნ-ს, თუმცა ეს მაჩვენებელი 5.8 %-ზე დარჩება. აქ ნიშანდობლივია, რომ გარდა უმუშევრობისა, გადამწყვეტია სამუშაოს ხარისხი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც იზრდება სიღარიბე, რომელიც დაკავშირებულია ცხოვრების ხარჯებთან და ფასების ზრდასთან, რაც იწვევს უკეთესი სამუშაო შესაძლებლობების ნაკლებობას [6].

ამასთან, გლობალური პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიყენებული ზიანის აღსადგენად, საჭირო იქნება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მიმართულია სავაჭრო ქსელების ფრაგმენტაციის პრევენციაზე, განათლებასა და ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის დონის ამაღლებაზე დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის განხორციელებით. ხოლო ფისკალური სივრცის ეტაპობრივი აღდგენა შესაძლებელია სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის გაუმჯობესებით და შიგა შემოსავლების წყაროების მობილიზებით. პოტენციური ზრდის შენელება კი საჭიროებს რეფორმებს ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის, შრომის მიწოდების, მომსახურების პროდუქტიულობისა და ვაჭრობის გასაძლიერებლად.      

        ცხრილი  1

მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა და პროგნოზი,

2021-2024 წწ. [7]

რეალურიმშპ,

წლიურიცვლილება %-ში

2021

2022

პროგნოზი

2023

2024

1

2

3

4

5

წარმოებისმსოფლიომოცულობა

6.3

3.5

3.0

3.0

განვითარებულიეკონომიკისქვეყნები

5.4

2.7

1.5

1.4

აშშ

5.9

2.1

1.8

1.0

ევროზონა

5.3

3.5

0.9

1.5

გერმანია

2.6

1.8

-0.3

1.1

საფრანგეთი

6.4

2.5

0.8

1.3

იტალია

7.0

3.7

1.1

0.9

ესპანეთი

5.5

5.5

2.5

2.0

იაპონია

2.2

1.0

1.4

1.0

გაერთიანებულისამეფო

7.6

4.1

0.4

1.0

კანადა

5.0

3.4

1.7

1.4

განვითარებულიეკონომიკისსხვაქვეყნები

5.5

2.7

2.0

2.3

საბაზროეკონომიკისფორმირებადიდაგანვითარებადიქვეყნები

6.8

4,0

4.0

4.1

საბაზროეკონომიკისფორმირებადიდაგანვითარებადიაზიისქვეყნები

7.5

4.5

5.3

5.0

ჩინეთი

8.4

3.0

5.2

4.5

ინდოეთი

9.1

7.2

6.1

6.3

სამხრეთაღმოსავლეთაზიის 5 სახელმწიფო ტაილანდი, მალაიზიაინდონეზია, ფილიპინებიდასინგაპური,   (ACEAN -5)

4.0

5.5

4.6

4.5

საბაზროეკონომიკისფორმირებადიდაგანვითარებადიევროპისქვეყნები

7.3

0.8

1.8

2.2

რუსეთი

5.6

-2.1

1.5

1.3

ლათინურიამერიკადაკარიბისაუზი

7.0

3.9

1.9

2.2

ბრაზილია

5.0

2.9

0.9

1.5

მექსიკა

4.7

3.1

1.8

1.6

ახლოაღმოსავლეთიდაცენტრალურიაზია

4.4

5.3

2.9

3.5

საქართველო

10.5

10.1

4.0

5.0

საუდის არაბეთი

3.9

0.3

-6.8

3.1

აფრიკისქვეყნებისაჰარიდანაღმოსავლეთამდე

4.7

3.9

3.6

4.2

ნიგერია

3.6

3.3

3.2

3.0

სამხრეთ აფრიკა

4.7

1.9

0.3

1.7

განვითარებადიბაზარიდასაშუალოშემოსავლისმქონეეკონომიკები

7.1

3.9

3.9

3.9

განვითარებადიქვეყნებიდაბალიშემოსავლებით

4.1

5.0

4.5

5.2

ასევე ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიში, რომლის მიხედვით, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის  მნიშვნელოვნად შენელება მაღალი ინფლაციის, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და საკრედიტო პირობების ფონზე. აქედან გამომდინარე, 2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 2,1 %-მდე შემცირდება წინა წლის 3.1 %-თან შედარებით; მკაცრი გლობალური ფინანსური გარემო და შემცირებული გარე მოთხოვნა, საბანკო სექტორის ზრდის პოტენციური ცვალებადობა და მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება ნეგატიურ გავლენას მოახდენს და კიდევ უფრო შეანელებს გლობალურ ზრდას, შეაფერხებს ფინანსურ სისტემებს ყველაზე დაუცველ ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებად ეკონომიკებში. ამ თვალსაზრისით, მაკრო­ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის მთელი რიგი ეფექტიანი ღონისძიებები როგორც ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებად ეკონომიკებში, ასევე  განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. აქ ფისკალური მდგრადობა მოითხოვს მთავრობის შემოსავლების ზრდას, სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობას, სახელმწიფო ვალის მენეჯმენტის გაუმჯობესებას, ცენტრალური ბანკებისადმი სანდოობის ამაღლებას, გლობალურ თანამშრომლობას ფინანსური მარეგულირებელი რეფორმების, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ვალების შემცირების უზრუნველ­საყოფად. [8]

ამავე მსოფლიო ბანკის ანგარიშის პროგნოზის თანახმად, რეგიონების მიხედვით გაკეთებული პროგნოზები შეფასდა შემდეგნაირად:

ცხრილი 2

მსოფლიო და საქართველოს რეალური მთლიანი შიგა პროდუქტი,

2020-2025 წწ. [8]

მაჩვენებლები

წლები

2020

2021

2022

2023

2024

2025

მსოფლიო, სულ

-3.1

6.0

3.1

2.1

2.4

3.0

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები

-4.3

5.4

2.6

0.7

1.2

2.2

ფორმირებადი ბაზრის და განვითარებადი ქვეყნები

-1.5

6.9

3.7

4.0

3.9

4.0

აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანე

1.2

7.5

3.5

5.5

4.6

4.5

ევროპა და ცენტრალური აზია

-1.7

7.1

1.2

1.4

2.7

2.7

საქართველო

-6.8

10.5

10.1

4.4

5.0

5.0

ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი

-6.2

6.9

3.7

1.5

2.0

2.6

ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა

-3.8

3.8

5.9

2.2

3.3

3.0

სამხრეთ აზია

-4.1

8.3

6.0

5.9

5.1

6.4

საჰარას სამხრეთით  აფრიკა

-2.0

4.4

3.7

3.2

3.9

4.0

     განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 2.6 %-დან 2023 წლის 0.7 %-მდე შემცირდება, ხოლო 2024-2025 წლებში მოსალოდნელი  ზრდა 1.2 % და 2.2 % იქნება. აქ აღსანიშნავია, რომ მათთვის გადამწყვეტი იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა.

    ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებში პროგნოზირებულია ეკონომიკური ზრდა – 2022 წლის 3.7 %-დან 2023 წელს 4.0 %-მდე, ხოლო  2024-2025 წლებში მოსალოდნელი ზრდა შემცირდება და 1.2 % და 2.2 % იქნება.

ამასთან  მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა 2023 წელს დაჩქარდება აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რადგან ჩინეთში კორონავირუსული შეზღუდვების მოხსნა ასტიმულირებს აქტივობის აღდგენას და ზრდის პერსპექტივების გაუმჯობესებას რიგ ძირითად ეკონომიკებში. ამის საპირისპიროდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შენელდება ყველა სხვა რეგიონში, რადგან სუსტი საგარეო მოთხოვნა, მკაცრი გლობალური ფინანსური გარემო და მაღალი ინფლაცია ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. ხოლო მომავალ წელს უმეტეს რეგიონებში პროგნოზირებულია ეკონომიკური აღდგენა, რადგან ნეგატიური ფაქტორების გავლენა სუსტდება. ყველა რეგიონისთვის მოსალოდნელზე დაბალი ზრდის რისკები დაკავშირებულია გლობალურ ბაზარზე ფინანსური დაძაბულობის შესაძლო გაგრძელებასთან და უფრო მძლავრ შიგა ინფლაციასთან. გარდა ამისა, უარყოფითი რისკები განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კონფლიქტები, არასტაბილურობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფები.

    აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 5,5 %, ხოლო 2024-2025 წლებში შემცირდება და 4.6 % და 4.5 % იქნება.

    ევროპასა და ცენტრალური აზიაში 2023 წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია უმნიშვნელოდ 1.4 %-მდე, ხოლო 2024 – 2025 წლებში  შემდგომი ზრდა 2.7 % იქნება.

    ლათინური ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში პროგნოზირებულია, რომ ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შემცირდება და 1.5 % იქნება, ხოლო 2024 – 2025 წლებში გაიზრდება და  2 % და 2.6 % იქნება.

    ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შემცირდება და 2.2 % იქნება, ხოლო 2024 – 2025 წლებში გაიზრდება და 3.3 % და 3 % იქნება.

    ამხრეთ აზიაში 2023 წელს პროგნოზირებულია ეკონომიკური ზრდის შენელება 5.9 %-მდე და 2024 წელს შემდგომი კლება იქნება 5.1 %-მდე, ხოლო 2025 წელს გაიზრდება 6.4 %-მდე.

    საჰარას სამხრეთით  აფრიკის ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 3.2 %-მდე შემცირდება, ხოლო 2024−2025 წლებში გაიზრდება და 3.9 % და 4 % მიაღწევს [8].

  ცხადია, მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ტენდენციები გარკვეული დოზით აისახება ეროვნულ ეკონომიკებზე, მათ შორის, ლოგიკურია, საქართველოს ეკონომიკაზე მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლებით (მშპ, ინფლაცია, სავალუტო რყევები, ლოგისტიკური პრობლემები და სხვ). გარდა ამისა, რუსეთი და უკრაინა საქართველოს საკმაოდ მსხვილი პარტნიორები არიან, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. 

  ამასთან საგულისხმოა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ უახლოეს ანგარიშში „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ რეგიონული და გლობალური ეკონომიკის მიმოხილვისას, სავაჭრო პარტნიორებს შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის მოსალოდნელი კლების გამო, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 4,4 %-მდე შემცირდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 %-ზე დასტაბილურდება.  

  ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში ხელსაყრელ ეკონომიკურ სიტუაციას უწყობს ხელს, არის ინფლაციის შემცირება, რაც განაპირობა მსოფლიო სასაქონლო ფასების დაწევამ და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ. ამავე ანგარიშის თანახმად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო ინფლაცია, მოთხოვნის მხრიდან პოტენციური ზეწოლის მიუხედავად, სავარაუდოდ, დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ანგარიში ასევე განიხილავს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ არსებულ რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობა შენარჩუნებულია, რისკები დაბალანსებულად მიიჩნევა. სხვა მხრივ, ფულადი გზავნილების შემოდინების ცვლილებამ და მსოფლიო ფინანსური პირობების გამკაცრებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარის ღირებულებაზე, რაც პოტენციურად, დოლარიზაციის მაღალი დონის გამო, მიკროფინანსურ სტაბილურობაზე აისახება. მეორე მხრივ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ფულის შემოდინება მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდეს და სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი კონფიგურაციის შედეგად, საქართველომ ვაჭრობის მიმართულების ლავირებით მიიღოს სარგებელი  [9].

2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4 % იქნება, ხოლო  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა  გაიზრდება და შეადგენს 5 %-ს.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5 % იქნება. მთავრობის მიერ მომზადებული ალტერნატიული, ე. წ. ოპტიმისტური სცენარით, ეკონომიკის ზრდამ შესაძლოა 6.3 % შეადგინოს, ხოლო პესიმისტური სცენარი თუ განვითარდება, ეკონომიკის ზრდა 2.5 % იქნება.

ამჟამად არსებული ეკონომიკის ზრდის  5%-იანი პროგნოზი რეალური და მიღწევადია, მაგრამ ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის საქართველო დამოკიდებული, საქართველოს ეკონომიკაშიც მაღალია მომავლის გაურკვევლობის დონე რუსეთ-უკრაინის ომის გამო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და რუსეთის ეკონომიკის სულ უფრო ღრმა კრიზისში შესვლის გამო, საქართველოს ეკონომიკაც დაზარალდება. ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის გამოსარჩევია ინფლაციის შემცირებადი დონე, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების და ამ გზით ეკონომიკის ზრდაზე ხელშეწყობის საშუალებას მისცემს. ასევე ომი როგორც არ უნდა დასრულდეს, საქართველოს სატრანზიტო როლი გაზრდილი დარჩება, რამაც ტრანსპორტში, ლოჯისტიკაში, ენერგეტიკასა და კომუნიკაციებში მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაწყება უნდა განაპირობოს. [10]

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 2023 წლის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის პროგნოზის თანახმად, საქართველოში მშპ-ის ზრდა 4.5 % იქნება, ხოლო მშპ 5 %-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ. აქ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უფრო მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, პოზიციის გასამყარებლად ტურიზმის, მომსახურების სფეროსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება.    

2023 წელს მოსალოდნელია ინფლაციის 6 %-მდე (2022 წელს  ფიქსირებული იყო 12 %-იანი ინფლაცია), ხოლო მომდევნო წელს 4 %-მდე შემცირება, რითაც  ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის 3 %-იან მიზანს მიუახლოვდება. აღნიშნულის მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვია. 2023 წელს ინვესტიციების ზრდა 5.5 %-ით და 2024 წელს 3.5 %-ით არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის დეფიციტი კი  2023 წელს მშპ-ის 2.7 %-ის და 2024 წელს 2.5 %-ის ეკვივალენტით შემცირდება.   

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავაჭრო დეფიციტის გაღრმავების ფონზე 2023 წელს მშპ-ის 5 %-ით, ხოლო 2024 წელს მშპ-ის 6 %-ით გაიზრდება.   2023 წელს მოსალოდნელია ექსპორტის ზრდის 10.7 %-მდე შენელება, ხოლო 2024 წელს 11.2 %-ის მიღწევა. ამასთან, ფულადი გადარიცხვები წელიწადში 2.5 მლრდ აშშ $-მდე შემცირდება, რადგან მცირდება მიგრანტების შემოდინება, რაც, სავარაუდოდ, სავალუტო კურსის წნეხს გამოიწვევს  [11].

მართალია, კლიმატის ცვლილების გლობალური სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია ემისიების შესამცირებლად რეციკლაციისა და ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის კუთხით, გააძლიერა ტყის მართვა სუფთა ეკოსისტემის ხელშესაწყობად და ბიძგი მისცა მწვანე ტურიზმის განვითარებას, თუმცა  ქვეყანას ასევე, შეუძლია სარგებელი მიიღოს დეკარბონიზაციისგან გლობალურ ბაზრებზე ემისიების ვაჭრობით, რათა წაახალისოს ენერგეტიკის ეფექტიანი მოხმარება და გაზარდოს დაბალი ემისიის მქონე კომპანიების შემოსავალი. 

მდგრადი ეკო- და აგროტურიზმისთვის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად  აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშის პროგნოზი საქართველოს მოუწოდებს კიდევ უფრო გააძლიეროს გარემოსდაცვითი პოლიტიკა. ამასთან საგულისხმოა, რომ საგადასახადო წახალისება ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვით, ხოლო შესაბამისი პოლიტიკა ტრანსპორტის უფრო სუფთა ალტერნატივებზე გადასვლის მოტივაციას შექმნის. ცხადია, აღნიშნულ აქტივობაში კერძო სექტორის ჩართულობაც დაეხმარება ქვეყნის მწვანე და უფრო მდგრადი კერძო სექტორის განვითარებას  [11, 12].

ამრიგად, COVID-19 პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი არის ორი გარე დიდი შოკი, რომლებიც საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს და ღრმა კვალს ტოვებს  გლობალურ ეკონომიკაზე, ადამიანებზე, კომპანიებზე, საჯარო ხელისუფლებაზე, სახელმწიფოებზე, რეგიონებზე, ქალაქებზე და აჩქარებს ფრაგმენტაციას სოციალურ ჯგუფებსა და ადგილებს შორის, სადაც მათი ზემოქმედება ხაზს უსვამს უთანასწორობის ზრდის რისკებს.  რუსეთ-უკრაინის ომმა  განსაკუთრებით შეუწყო ხელი საქონლისა და ენერგიის არასტაბილურ და მაღალ ფასებს, რამაც გააძლიერა სურსათის დეფიციტი და გაზარდა ინფლაცია მსოფლიოს ბევრ რეგიონში.

ასეთ პირობებში და ამ რთული პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც საერთოდ მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებს, ასევე განსაკუთრებით დაუცველ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, მოეთხოვებათ მობილიზება გაუკეთონ თავიანთ რესურსებს და განახორციელონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა შეზღუდონ და შემცირდეს სოციალურ-პოლიტიკური რყევების ეფექტი რეგიონებსა და მთელ მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით, ღონისძიებების განხორციელების უპირველესი მიზანია ეკონომიკის აღდგენა და ზრდა სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარებისათვის. ამავდროულად, საყურადღებოა ქვეყნები მოემზადონ Covid-19-ის ეპიდემიის ახალი შტამის ტალღის გავრცელების რისკის ან კიდევ, ასევე ახალი პანდემიის გავრცელების შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად, ექსტრემალური კლიმატური პირობების ზემოქმედების, ბუნებრივი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების ზიანის მინიმიზაციისთვის, დაიცვან მდგრადი განვითარების სტრატეგია და შეძლონ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია. ამასთან, პოტენციურ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით ქვეყნებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისათვის მნიშვნელოვანია გააძლიერონ რეგიონული და გლობალური თანამშრომლობა, რათა უფრო მეტი აქტიური მხარდაჭერით და ეფექტური როლის შეასრულებით თავიანთი ძალისხმევა მიმართონ არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გლობალური კრიზისების გონივრულ მართვასა და ოპტიმალურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. 

დასკვნა

ამრიგად, COVID-19-ის პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის კრიზისის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე რეალურია და შეიძლება ითქვას გარე შოკებია მსოფლიოს  ქვეყნების უმეტესობისთვის, რაც გავლენას ახდენს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე და ცვლის გლობალურ გეოპოლიტიკურ პერსპექტივას. მსოფლიო ეკონომიკის განვითარება დღევანდელ ეტაპზე დაკავშირებულია გარკვეული ტენდენციების გამოვლენასთან და სხვადასხვა სუბიექტს შორის მთელი რიგი წინააღმდეგობის გაჩენასთან, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამომავლოდ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე და დამოკიდებულია გონივრული და წარმატებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელებაზე, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე, გლობალური ეკონომიკის, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირებადი და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე.

COVID-19-ის პანდემიის უპრეცედენტო ზემოქმედება, რომელსაც დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, გააგრძელებს გლობალური დისკურსის ფორმირებას და თანამშრომლობას, მის მიმართულებას გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებისთვის, განსაკუთრებით მდგრადობის, გარემოსდაცვითი სამართლიანობის, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის, ენერგეტიკის, სასურსათო უსაფრთხოების, სუფთა ენერგიის გარდამავალი პროცესის დასაჩქარებლად კლიმატის ცვლილების შესამსუბუქებლად და ვალის შემცირების უზრუნველსაყოფად იმ ქვეყნების მზარდი რაოდენობისთვის, რომლებიც განიცდიან ვალის პრობლემას. ამასთან ეროვნულ დონეზე აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გატარება და ეფექტიანი რეფორმების განახორციელება, რათა შეიქმნას საფუძველი ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების გზაზე ინფლაციის შეკავების, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სხვა მნიშვნელოვან რეფორმათა პროექტების საიმედოობის გათვალისწინებით, რომელთა გონივრული განხორციელებით სერიოზული შედეგები მოჰყვება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას 2030 წლისათვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://thedocs.worldbank.org/en/doc/18ad707266f7740bced755498ae0307a-0350012022/ related/Global-Economic-Prospects-June-2022-Chapter-1-Highlights-RU.pdf
  2. https://www.interpressnews.ge/ka/article/754751-janmom-kovid-19-it-gamocveuli-globaluri-sagangebo-mdgomareoba-dasrulebulad-gamoacxada
  3. https://www.un.org/en/desa/5-things-you-need-know-about-global-economy-2023
  4. https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/---dgreports/---dcomm/---publ/ documents/briefingnote/ wcms_883341.pdf
  5. Economic Bulletin, Issue 4/2023 – Economic, financial and monetary developments External environment. European Central Bank, Eurosystem, Frankfurt, 144 p.
  6. https://ilostat.ilo.org/assessing-the-current-state-of-the-global-labour-market-implications-for-achieving-the-global-goals/
  7. WORLD ECONOMIC OUTLOOK UPDATE, Near-Term Resilience, Persistent Challenges. UPDATE. International Monetary Fund, July 2023, 11 p.
  8. https://www.vsemirnyjbank.org/ru/publication/global-economic-prospects
  9. https://civil.ge/ka/archives/548513
  10. https://forbes.ge/ras-unda-velodeth-2023-tsels-msophlio-ekonomikasa-da-saqarthveloshi/
  11.  https://www.adb.org/ka/news/georgia-economic-growth-moderate-2023-and-2024-adb
  12. მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თბილისი, 2023, 20 გვ.